„თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ“ – ღარიბაშვილს

„სადღეგრძელო და სხვა არაფერი“ – ასე აფასებს პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა და უთხრა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არაფერია.

„ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, არის სადღეგრძელო. ეს პროგრამა არ არის, არაფერი  წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში ?“- მიმართა ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მტავრობის მუშაობა გააკრიტიკა და მდორე ვითარება უწოდა.  

მსგავსი თემები