“ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის ისეთი ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ” – მაია ბუწაშვილი

„ადამიანების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, რატომ არის, რომ თავად დაავადების მიმდინარეობის პროცესში ტემპერატურა ეცემა, მაგალითად, 35 გრადუსამდე, ან დაავადების გადატანის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს აქვს დაბალი მაჩვენებელი,“ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტემპერატურის ვარდნის მიზეზებს განმარტავს, მისი ინფორმაციით ტემპერატურის ვარდნა ახასიათებს ვირუსების შემდგომ პერიოდს:

„ადამიანებს აინტერესებთ, რატომ ხდება, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, მაშინაც კი, როდესაც ტესტით დადასტურებულია ორგანიზმში ვირუსის არარსებობა, ადამიანებს რჩებათ ტემპერატურული რეაქცია, მაგალითად, დღის რომელიღაც მონაკვეთში, თუნდაც საღამოს, 37.5.

რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა იწყება 36 გრადუსიდან და ამის ქვემოთ უკვე ადამიანები ღელავენ, რომ აქვთ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა. ზოგადად, ვირუსული ინფექციებისთვის ეს არ არის უცხო. საერთოდ, ბევრ სიმპტომს და დეტალს ადამიანები ახლა აქცევენ ბევრად მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვა დროს, თორემ ბევრი რესპირაციული სასუნთქი გზების ინფექციის, გრიპის დროს, თუ კარგად გაიხსენებენ დეტალებს, ბევრი რამ მეორდება. უბრალოდ, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთ დეტალებში არავინ არ მიდიოდა.

ერთი მხრივ კარგიც არის, ჩვენ, ექიმებს გვიმსუბუქდება სიტუაცია, რადგან მოსახლეობის განათლებამ აშკარად მოიმატა, თუმცა ზოგჯერ ეს ცოტა მცდარიც არის, ხან სწორი. ასეა თუ ისეა, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციების დროს, ეს არც თუ ისე იშვიათი იყო და ამაზე ნუ ინერვიულებენ. ანუ, ჩვეულებრივზე დაბალი ტემეპრატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც, ვთქვათ, რაღაც განგაში უნდა ავტეხოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს, თუ განსაკუთრებით დაბალია, მაგრამ რეალურად ასეთი შემთხვევები არ არის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მსგავსი თემები