„დამწყნარებელი ქალი პრეზიდენტი“ – სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

„რა მინდა ამ ქვეყნისთვის?  პირველ რიგში სტაბილურობა. ეყოფა ამ ქვეყანას რაც გაიარა. გვყოფნის შიდა დაძაბულობა და სიძულვილი, ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. შეიძლება, ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი. ეს არის ჩემი მისწრაფება“ – ასე ახსნა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მისწრაფება, რატომ სურს გახდეს პრეზიდენტი და საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად თავად წარადგინა.

როგორც ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი წინაპრები და მათი გავლილი გზა იყო.

„ეს არის  ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და ეს არ მომხდარა ერთ დღეში. იმიტომ რომ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იცით,  რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე. გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმე იყო და მეტადრე იმ დროს, როცა ამ დღეებში ჩემი შვილის ქორწილი მქონდა. რაც ნიშნავს, რომ მალე ალბათ იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას უფრო ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში – ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში. ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. ვალდებული ვარ ჩემი წინაპრების წინაშე და არა მხოლოდ მათ წინაშე. ჩემს ოჯახში არაერთი წევრი იყო, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი, არადა ვერ გახდა. ამ ადამიანების მიმართ არ შეიძლება ამ მომენტში ამ გამოწვევაზე უარის თქმა და არ წასვლა ბოლომდე ეს არის ჩემთვის მთავარი მიზეზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სახლიდან.

და ბოლოს, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ის დაბადებით ევროპელი და ქართველია.  ასევე, აღნიშნა, რომ ის ბიზნესის დახმარებასაც ითხოვს.

მსგავსი თემები