მარიხუანას ლეგალიზებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ერის და ბერის შეკრება“ იწყება 

  •  

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, დღეს მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით,  მშვიდობიანი აქცია დღეს, 16:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ გაიმართება. ეპარქიის  ინფორმაციით, ჯანმრთელობის პარაკლისი ჩატარდება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ,  რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქმედითი ზომები მიიღონ.

სამშვიდობო აქციაში მონაწილეობის მისაღებად სასულიერო პირები, სამღვდელოება დედაქალაქიდანაც გაემგზავრნენ. აქციას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებიც უერთდებიან, თუმცა, არა პოლიტიკური პარტიის სახელით.

„ერის და ბერის შეკრება“ – ასე აფასებენ დაგეგმილ აქციას მისი ორგანიზატორები, რომელშიც მოსახლეობა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას. „ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია და პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, – განუცხადეს აქციის ორგანიზატორებმა „მთავარს“.

მსგავსი თემები