“რატომ უნდა მოეკლა თავი? შეიძლება განვიხილოთ თვითმკვლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 

„სულ ვეჩხუბებოდი, შვილო, ვერ გაუძლებ ამდენს, უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან, ცოტა დაისვენე და განიტვირთემეთქი“  – ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, უჭირთ, ენდონ გამოძიებას.

„ორ სამსახურში მუშაობდა, მაგისტრატურის გამოცდებისთვის ემზადებოდა, ათას რაღაცას იყო მოდებული. მიზანდასახული ბავშვი იყო, ათასი გეგმა და მისწრაფება ჰქონდა.  სულ ვეჩხუბებოდი, შვილო, ვერ გაუძლებ ამდენს, უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან, ან რაღაც შეცვალო შენი ცხოვრების სტილი, ცოტა დაისვენო“, – განუცხადა თეონა თამაზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ .

დედა თამარის სამსახურზეც საუბრობს: „ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს ეს გასაიდუმლოებული სამსახურიც თითქმის არაფერი ვიცოდით მის შესახებ“ – გვითხრა გარდაცვლილი გოგონას დედამ.   

როგორც თამარის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა გვითხრა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილება.

„თვითმკვლელობა გამორიცხულია ამ საქმეში. განათლებული, წარმატებული, მაღალანაზღაურებადი ბავშვი იყო, გეგმები ჰქონდა, უცხოეთში მიიღო განათლება, დაბრუნდა და ისევ უცხოეთში აპირებდა წასვლას, იცოდა ენები, ჰყავდა საკუთარი ავტომანქანა, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა პირობა ჰქონდა და აწყობილი ჰქონდა ცხოვრება. რატომ უნდა მოეკლა თავი? შეიძლება განვიხილოთ თვითმკვლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა“ – კობა თამაზაშვილი.   

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა და იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურამ კი ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.

მსგავსი თემები