ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე დღეს ქუთაისში საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია.

„დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როცა ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად,  ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ როგორც ინფიცირებულმა, ასევე კარანტინში გადასულმა აბიტურიენტებმა შეძლეს გამოცდები ჩაებარებინათ და ისინი პროცესს არ გამოთიშულან.

„ცხადია, გვქონდა გარკვეული პრობლემები. იყო შემთხვევა, როცა გვყავდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მაგრამ როგორც ამ აბიტურიენტმა, ისე ყველა დანარჩენმა, ვისაც კარანტინში მოუწია გადასვლა, შეძლო და ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ისინი არ გამოეთიშნენ პროცესს. რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც შეეხება სტუდენტებსა და საგრანტო კონკურსს, აქ შედარებით დაბალია პროცენტი – 78 პროცენტმა მიიღო მონაწილება. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, გვქონდა სამი ასეთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო, ორი შემთხვევა იყო დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო, სხვა შემთხვევები არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.

მსგავსი თემები