„საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი მტრული დამოკიდებულება ისლამისა და თურქეთის მიმართ“ – თურქეთი

  •  

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის განცხადებას ეხმაურება, სადაც საბერძნეთის მიერ „თურქეთის დროშის დაწვის ფაქტია დაგმობილი, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს:

„საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი მტრული დამოკიდებულება ისლამისა და თურქეთის მიმართ, რასაც აია სოფიაში ლოცვების ჩატარებაზე რეაგირებით ამართლებს“, -განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აკსოიმ.

სამინისტრო აცხადებს, რომ მტკიცედ გმობს საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მტრულ განცხადებებს, ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში თურქეთის დროშის დაწვის ფაქტს.

აია სოფიაში 86-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გუშინ მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. ლოცვაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა.

აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა.

მსგავსი თემები