პირველად მოვისმინე სტიქიის მიზეზების სწორი შეფასება – თეიმურაზ კანდელაკი

ორგანიზაცია “მეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ ჭუბერის წყალდიდობის შემდეგ, მან პირველად მოისმინა მთავრობის მეთაურის მხრიდან სტიქიის მიზეზების სწორი შეფასება, რადგან, მანამდე, ყველა ხელისუფლების პირობებში თავს არიდებდნენ ტყეების უკონტროლო ჭრის პრობლემაზე საუბარს.

“მას შემდეგ რაც მოხდა ჭუბერის წყალდიდობა, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს მოხდა ტყეების გაჩეხვის გამო. მსგავსი რამ პირველად და სწორად ითქვა ხელისუფლების მხრიდან. ყველა მანამდელი ხელისუფლება ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს”,  – აცხადებს მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეიმურაზ კანდელაკმა დღეს განაცხადა,  ცნობილი ფაქტია, რომ ხე-ტყე სვანეთის მოსახლეობისთვის საარსებო წყაროა, მაგრამ როდესაც საუბარია უკვე ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევაზე, ხელისუფლებამ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს. მათ შორის, იზრუნოს მოსახლეობისთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების შეთავაზებაზე.

​მოსახლეობას სხვა სამუშაო და შემოსავლის წყარო არ აქვს. ეს პრობლემა აქვთ კახეთსაც, იმერეთსაც და ქვეყნის სხვა რეგიონებსაც, მოსახლეობას ხელისშეწყობა სჭირდება, მეორე მხრივ, გაუგებარია სვანეთის მკვიდრთა პოზიციაც. ისინი უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ დაგვეხმარეთ ტყის შენარჩუნებაშიო და პირიქით, ამბობენ, არ შევწყვეტთ ამ ქმედებასო. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ მოიჭრება ის ტოტი, რომელზეც სხედან.  ტყეს სჭირდება თავისი რეგულაცია და ეკონომიკას თავისი, ერთ ჩარჩოში ამას ვერ მოაქცევ“, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო ჭრაზე კონტროლის გამკაცრებას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით გუშინ, 26 ივლისს, საპროტესტოს აქცია გამართეს და სატრანსპორტო გზა გადაკეტეს. რეგიონში სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.  აქციის ოგანიზატორებს მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

მსგავსი თემები