უკრაინელი ქალი, რომელიც 10 ბავშვის ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში 10 ბავშვთან ერთად ჩავიდა და აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა, დაკავებულია.

მართალია, შსს-ს ხელთ არსებული დოკუმენტაციით ათივე ბავშვი დაკავებულის შვილია, თუმცა გამორიცხული არ არის, საბუთები გაყალბებულიც იყოს. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ 10-დან 3 ბავშვი ერთიდაიმავე წელსაა დაბადებული.

დაკავებული ამ ეტაპისთვის თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა.

„ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინის მოქალაქე კი წინასწარ, მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავება ქუთაისში მოხდა“ – აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

რაც შეეხება საქმის წინა ისტორიას, აღნიშნული ქალბატონისა და 10 მცირეწოვანი შვილის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვები მძიმე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდნენ. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ ჩერთო, რაც უკრაინის მოქალაქის 10-ვე ბავშვის დედობა საეჭვო გახდა. კერძოდ, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 3 დაბადებულია 2017 წელს. დაკავებული კი აღიშნულს იმით ხსნის, რომ რამდენიმე ბავშვი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შსს გამოძიებას ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.

მსგავსი თემები