კაცს, რომელმაც შეყვარებული დაწვა პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ შალვა გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს და არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. დაცვის მხარემ სასამართლოს 20 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

„დაკავებულს წარდგენილი აქვს 19 /109 მუხლი. ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს, დანარჩენი კი, სასამართლოს მსვლელობისას გაირკვევა, თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე. მასალებიდან გამომდინარე მან თქვა, რომ ავტომანქანაში რომ ჩაესხა ბენზინი ამისთვის შეიძინა. სამართალდამცველებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა, ხოლო დაწვის ფაქტს მასალებიდან გამომდინარე იგი არ აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა გოჩა ხაჩიურმა.

პროკურორის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის მოტივი გარკვეულწილად არის ეჭვიანობა.

„შალვა გოგოლაძემ წინასწარ განიზრახა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა საკუთარი მეუღლე. იგი ამ მიზნით მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე. თავდაპირველად გაიყვანა სახლიდან, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ წინასწარ შეძენილი ბენზინის გამოყენებით სცადა მისი მკვლელობა, გადაასხა ბენზინი, წაუკიდა ცეცხლი. რაც შეეხება მოტივს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მათ შორის არსებობდა გარკვეული კონფლიქტი მანამდეც, ვიდრე მოხდებოდა ეს ინციდენტი. შესაბამისად, გარკვეულ წილად აქ იყო ეჭვიანობა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახით ვითხოვდით პატიმრობას. ვასაბუთებდით, არსებობდა, როგორც მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, ასევე მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის, ასევე დანაშაულის გაგრძელების მომეტებული საფრთხეები. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია“, – განაცხადა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 აგვისტოს ჩაინიშნა.

შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 23 წლის გოგონა ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37 % აქვს დამწვარი.

მსგავსი თემები