ვეფხია ბაქრაძის უარყოფითი დახასიათების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა – პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კითხვას,  თუ რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ე.წ.უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი, განაცხადა, რომ ვეფხია ბაქრაძის მიმართ, ე.წ.უდო-ს კომისიის უარყოფითი დახასიათების შესახებ, შეწყალების სახელმწიფო კომისიას ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებდა.
“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი, მხოლოდ მას შემდეგ ითქვა, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათება. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

მსგავსი თემები