“გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ” – პრემიერი კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმზე

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოში, განახლებული მთავრობა, კიდევ უფრო ეფექტიან ანტიკორუფციულ მექანიზმებს დანერგავს, რომელიც ერთი მხრივ ორიენტირებული იქნება კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, ხოლო მეორე მხრივ მის პრევენციაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, საერთაშორისო კვლევების თანახმად საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელი ქვეყანაა.  ღია მმართველობაში დღეს ჩართულია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო.

“თუმცა ეს არ არის საკმარისი. გასულ კვირას პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმები. ამისთვის საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი არის ერთგვარი საშუალება გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას.

“პარტნიორობის მთავარი ღირებულება სწორედ გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში, გამოცდილების გაზიარებასთან ერთად შესაძებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთაინებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. საქართველო კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ სამიტის ფარგლებში მმართველო კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და ღირებულებები”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე/

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ღია მმართველობის ფორუმმა, “ღია მმართველობა საქართველოს 2018 -2019 წლების სამოქმედო გეგმა” დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას და მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები