გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის სუსტი კანდიდატია – ირაკლი კობახიძე  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძის სახით, სუსტი კანდიდატურა მიზანმიმართულად დაასახელა, რომელსაც სავარაუდოდ ბოლო მომენტში მოხსნიან, სხვა კანდიდატის მხარდასაჭერად.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ამის უკან გარკვეული პოლიტიკური გათვლები იყოს.

„იყო გარკვეული საუბრები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისათვის“. ეს ეჭვები გარკვეულწილად გაამყარა წარდგენილმა კანდიდატმა. ეს არის სუსტი კანდიდატი. რაში უნდა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​​

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ – „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წარადგინა. წარდგენის ცერემონია ქუთაისში გუშინ, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა.

სამადლობელო სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ​საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე გასულმა 27 წელმა დაადასტურა, რომ ეს ქვეყანა ან დემოკრატიულად იმართება, ან საერთოდ არ იმართება.

“ეს გაკვეთილი კარგად უნდა გავითავისოთ. პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსესუსისკენ გადადგმულია სამოქალაქო მოძრაობის შექმნით, რომლის ლიდერებიც აქ გახლავთ და დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი, რომელიც უმწიკვლოდ ემსახურა სახელმწიფოს, ბევრს შემატებს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

 

მსგავსი თემები