სამ წელიწადში საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე გაუარესდა – კვლევა

2015-დან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოსწავლეების ცოდნის დონის მაჩვენებელი გაუარესდა. კვლევა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, 2018 წელს კითხვაში მოსწავლეებმა 380 ქულა მიიღეს, 2015 წელს კი, ეს მონაცემი 401 იყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი კი 487-ია.

რაც შეეხება მათემატიკას, ამ მიმართულებით საქართველოს 398 ქულა აქვს, წინა წელს კი, 404 ჰქონდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაჩვენებელი არის 489.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მაჩვენებელია 383, წინა, 2015 წლის კვლევის თანახმად კი, ეს მონაცემი 411-ს შეადგენდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი 489-ს შეადგენს. ბოლო სამწლიანი კლების მიუხედავად, 2009-2019 წლის პერიოდში სამივე ამ მიმართულებით საქართველოს მოსწავლეებმა პროგრესი აჩვენეს.

საქართველო ამ კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს (2012 წელს ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია). ათწლიან ციკლს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მონაცემები გაუმჯობესებულია, თუმცა 2015 წელთან შედარებით, მაინც ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გენდერული ბალანსი გოგონების სასარგებლოდ მეტყველებს, მათ ბიჭებთან შედარებით გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს. 

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ამ კვლევას საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია – PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებითა და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს. მის სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ.​

მსგავსი თემები