დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე დაკავებულებიდან, უმეტესობა სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე, 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან 62 პატიმრობაში იმყოფება.

მისივე თქმით, დაკავებულთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან.

„საკმაოდ მცდარი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებული და სად არიან სახელმწიფო მოხელეები. ძალიან ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელია, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, მათ შორის პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, ზოგი მათგანი წლების წინ სხვადასხვა თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, ზუსტად დღგ-ს თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევი“, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ამასთან, როგორც მან განმარტა, აღნიშნულ საქმეში მოქმედი თანამშრომლების ბრალეულობა არ იკვეთება.

„ძალიან სერიოზული გამოძიება ჩავატარეთ, გინახავთ ასეთი მასშტაბის ოპერაცია, როდესაც 62 ადამიანია დაპატიმრებული? არსებული თანამშრომლის ნებისმიერი სახით კონტაქტი რომ ყოფილიყო, აქამდე გამოვლინდებოდა და არავინ დააფარებდა ხელს. პირიქით, ყველა უწყება მაქსიმალურად იყო მობილიზებული, თითქმის ყველა ძალოვანი იყო ჩართული, თუ იკვეთება ამ თაღლითობაში მონაწილეობა, რომელიმე სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი უწყებიდან, რასაკვირველია ამაში ვიქნებოდით დაუნდობელი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა აგვისტოში გახსნა.

მსგავსი თემები