პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებები თბილისში, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები და კონცერტები გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევია.
თავისუფლების მოედანზე ​დღეს, სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო.

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება და 22 საათზე დასრულდება.

ღონისძიებების რუკა:

11:00-დან 22:00 საათი: ექსპოზიცია „პოსტერი 100“ – ღია ცის ქვეშ, რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენა გაიმართება. პროექტში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე სტუდენტები.

ლოგო „100“ – რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილო პრინტია დატანილი.

ინსტალაცია „100“  – რკინის კონსტრუქცია, მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით, ჩამონტაჟებული ფოტომასალით. ოპერის წინ.

კინოჩვენება – პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. ოპერის მიმდებარედ განთავსდება კინო – პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით და დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ძველი ფილმები, ასევე ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით „1918-2018“.

საბავშვო სივრცეები – პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე:

სივრცე 1 – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაშები.

სივრცე 2 – ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები.

სივრცე 3 – გაიმართება ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.

რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება.

საბავშვო კონცერტების განრიგი: ბასტი-ბუბუ – 11:00 – 11:40 სთ და 16:50-17:30 სთ; ანა-ბანა – 12:10 – 12:50 სთ და 16:10-16:50 სთ; მეკოს სტუდია – 13:20 – 14:00 სთ და 19:00- 19:40 სთ; ბიჭუნათა კაპელა – 14:15 – 14:45 სთ; ბენდი 19 (მე-19 სკოლა) – 15:30-16:10 სთ;

13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება საკარნავალო მსვლელობა – მოეწყობა კოსტიუმირებული, სანახაობრივი მსვლელობა – “ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი მიიღებს. პერფორმანსს გააფორმებს სასულე ორკესტრი.

ყვავილების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები, დამთვალიერებელთათვის ჩატარდება “მწვანე გაკვეთილები”, რომლის დროსაც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიული ქოთნებისა და ყვავილების გვირგვინების დამზადებაში დაეხმარებიან.

ვარდების მოედანზე მხატვრულად განათდება 300 წლის ზეთისხილის ხე.

21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებები ღამით გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

26 მაისის სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება დაიგეგმა, მას პრემიერ-მინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.

 

მსგავსი თემები