ბრიტანელი მაგნატის, მაიკლ ლინჩის ცხედარი მაშველებმა მისი საოჯახო იახტის ჩაძირვის ადგილას იპოვეს. გემი სიცილიის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად ჩაიძირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იახტის ჩაძირვის ადგილას, მაიკლ ლინჩის გარდა, მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს. მისი 18 წლის ქალიშვილი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
იახტა სიცილიის სანაპიროსთან იყო გაჩერებული, როდესაც ორშაბათს, ძლიერი შტორმის შედეგად, ჩაიძირა. იახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 15 უვნებლად გადარჩა, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 6 მგზავრი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მაშველებმა დაკარგული მგზავრის 5 ცხედარს ოთხშაბათს, იახტის ჩაძირვიდან მესამე დღეს მიაკვლიეს.