,,ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა მეზობელი შვილის საფლავს ეზოში” – გორში აგვისტოს ომს იხსენებენ

საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებლები 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოში გორი საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბებით იბომბებოდა, ადგილობრივების ნაწილმა სახლები არ დატოვა, ისინი თავს სარდაფებს აფარებდნენ და დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდნენ.

,,წარუშლელი კვალი დატოვა განსაკუთრებით გორის მოსახლეობაზე ამ ომმა, პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო, არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა გორი იბომბებოდა. გორში მიწევდა მაშინ ყოფნა, ჩემი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა ომის პირისპირ ფაქტობრივად და იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როცა გორი დაბომბეს, სატანკო ნაწილი, მაშინ ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. მყავდა 2 კვირის ბავშვი და სარდაფში მიწევდა ყოფნა ამ დროს.

უმძიმესი დღეები იყო, ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა ჩემი მეზობელი საკუთარი შვილის საფლავს ეზოში. დღესაც, როცა რუსეთზე ლაპარაკობენ, სულ მიახლდება ხოლმე და ეს დაბომბვების ხმები მესმის ყურში, როგორ შეიძლება ამ ქვეყანასთან შერიგება ან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, უბრალოდ არ შეიძლება”, – ამბობს გორის მცხოვრები ლიზა ყაზიშვილი.

მსგავსი თემები