საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებს გამოეთიშა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში იტალიასთან  დამარცხდა. ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა (57კგ), რომელმაც ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა – 1:0. შემდეგ იყო ლაშა შავდათუაშვილის შეხვედრა. ოლიმპიური ჩემპიონი 73კგ-ში მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და ანგარიში გათანაბრდა. იტალია წინ კიმ პოლინგმა გაიყვანა, რომელმაც ეთერ ასკილაშვილს (-70კგ) ასევე იპონით სძლია.

ანგარიში 2:2 გახადა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, რომელმაც 90კგ წონით კატეგორიაში კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა. იტალია კიდევ ერთხელ ალის ბელანდიმ (70კგ+) დააწინაურა, მასთან დაპირისპირებაში სოფიო სომხიშვილი არალეგალური მოქმედების გამო ასპარეზობიდან მოხსნეს – 2:3. მეექვსე შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ილია სულამანიძემ (90კგ+) იასპარეზა, მან ჯენარო პირელის იპონით მოუგო, ანგარიში გაათანაბრა (3:3) და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. პროგრამამ შემთხვევითობის პრინციპით 73კგ წონითი კატეგორია აირჩია, სადაც ლომბარდომ ლაშა შავდათუაშვილს კიდევ ერთხელ სძლია – 4:3 იტალიის სასარგებლოდ.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

მსგავსი თემები