შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არქივი სამშობლოში ჩამოიტანეს

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი, ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის პირადი არქივი სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ზაზა მესხის საარქივო ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება:

„ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული უხერხულობა, სევდა, ამაოების განცდა მომყვება, რადგან ამ კაცის არქივი მე არ უნდა ჩამომეტანა, ჩემი შვილიშვილების გასაკეთებელი იყო, თუ თვითონ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპენსიო ასაკში გადასული. მაგრამ… ცხოვრებამ მე დამაყენა ამ საქმის განმახორციელებლად.

ზაზა მესხი – ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი – შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან [Cinta Depondt] მივიღე და ხვალ დილას ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება.

ამ ახალგაზრდა კაცს, უკაცრავად, ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეს, რამდენი უღვაწია, ემიგრაციაში პერიოდული გამოცემაც დაუარსებია, მის გარშემო გაუერთიანებია ახალი ემიგრაციის რჩეული პირნი, ძველნიც არ დავიწყებია. მისმა ყოფილმა მეუღლემ – ქალბატონმა ცინტამ, ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკემ, სევდიანი თვალებით გამოგვაცილა ზაზა მესხის არქივის წამოსაღებად უტრეხტში რომ ვეწვიეთ.

ჟურნალ „თანამემამულეს“ ყველა ნომერი – ჩაწიკწიკებული კოლექცია, მიუნხენის, თესალონიკის, პარიზის, სტამბულის ქართული გამოცემები, მიმოწერა, ფოტოარქივი… და დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრეს და დაექცეს, თუმცა ბატონ ზაზას თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დარგული სიკეთეები, კეთილშობილური საქმეები, შეიძლება, უფრო მოსავლიანი იყოს არა ერთის მოხუცებულობამდე მიტანილ ცხოვრებაზე.

დრო ხომ პირობითია, ხოდა ისიც, რომ ჩვენ ვინახავთ მის არქივს, მისი არქივის მიღებით რომ გაიზარდა ქართული ემიგრაციის ფონდის ქრონოლოგიური საზღვარი და უკვე ოცდამეერთე საუკუნეს გადმოაბიჯა, იმის მაჩვენებელია, რომ მას შეუძლია თქვას: ცუდად ხომ მაინც არ ჩაიარა ამ განწირულმა სულისკვეთებამ და გზა უვალი ჩემგან თელილი სამშობლო, ჩემო მაინც დარჩება…“

ხვალიდან ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იხილავთ: ზაზა მესხის საარქივო ფონდი!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მეწყერის ჩამოწოლას შოვში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

მსგავსი თემები