„ვერ დავიცავი ჩემი შვილი და სპორტსმენი… ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები“ – პარიზის ოლიმპიადის სკანდალი

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, მოფარიკავე სანდრო ბაზაძის სკანდალური ისტორია მთელმა მსოფლიო ნახა და ყველა მას გულშემატკივრობს. სანდრო გამარჯვებული ეგონათ, თუმცა, დამარცხებულებში აღმოჩნდა და ეს უკვე მეორედ მოხდა. გასული წლის ოლიმპიადაზეც „გამარჯვებული“ სანდრო თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და საბოლოოდ გაკრკვა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო.

წელსაც იგივე განმეორდა, თუმცა, სანდროს მამა და  საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ აცხადებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.

„მძიმე მდგომარეობაშია სანდრო, მე ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ დავიცავი ჩემი შვილი და სპორტსმენი. ვთხოვდი, კრიტიკულ მომენტამდე არ მიეყვანა ყველაფერი და ფსიქოლოგიურად გაძლიერებულიყო. ოლიმპიური თამაშები ფსიქოლოგიური შეჯიბრებაა. აღნიშნული სპორტსმენი სხვა ნებისმიერ ტურნირზე სანდროსთან რომ დავაყენოთ, ხუთ დარტყმას ვერ მიაყენებს და ამას მომავალში ვნახავთ კიდეც. თუმცა სანდრო მებრძოლი ბიჭია და ვფიქრობ, დაასვენებს გონებას, გააანალიზებს და მიაღწევს იმ მიზნებს, რაც მას სურდა“ – აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

მან საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, თუმცა, ჯერ ამ საქმისთვის ვერ მოიცალეს.

„საერთაშორისო ფედერაციას წერილი გავუგზავნე, ამიხსენით, აღიარეთ, რა მოხდა და არსად საჩივარს არ შევიტან-მეთქი. მითხრეს, ჯერ ოლიმპიადაზე ვმუშაობთ და მერე გიპასუხებთო. ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები. პირველი ოლიმპიადა მოგებული ჰქონდა და მეორეც. ვეძებ საერთაშორისო დონის ადვოკატს, რომ ეს საქმე მივიყვანო ბოლომდე. იმ მსაჯის გაშვება ჩვენ არაფერს გვაძლევს, რაღაც სხვა მექანიზმია მოსაძებნი. საერთაშორისო ფედერაციას არ სურს, შეცვალოს ეს წესები. დარწმუნებული ვარ, მათ ბრძანება ჰქონდათ.

გავერკვევი და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, რომ ეს დანაკარგი აუნაზღაურონ რამით. ყველა გვერდით უდგას სანდროს, ის ყველას უყვარს, რადგან კარგი ადამიანი და მაგარი სპორტსმენია. მთელ ქვეყანას, მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან გვერდით დაუდგნენ ამ და წინა გაჭირვების დროს“ – აცხადებს მოფარიკავეს მამა.

მას იმედი აქვს, რომ სანდრო ამ რთულ ვითარებას გადალახავს და სასწაულებს ჩაიდენს.

„დიდი რეზერვიც აქვს და შეძლებს, გახდეს ფარიკაობის მესი. კიდევ უნდა დაიხვეწოს, მას ჰგონია, ეს ქვეყანა სამართლიანია, ვერ მიხვდა, რომ სპორტშიც ხდება სიბოროტე. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს თბილისში. სანდრო სასწაულებს ჩაიდენს და აჩვენებს მათ, რომ მართლები არ არიან. ვფიქრობ, ის ამ გზას აირჩევს.

თომას ბახის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) ყურამდე უნდა მივიტანო, რომ ასეთი რამ მოხდა მეორე ოლიმპიადაზე. შევხვდები მას, ავუხსნი, რაც გაგვიკეთეს, გუნდიც მოგვიხსნეს ოლიმპიური თამაშებიდან. ფაქტები მაქვს და ყველაფერს შევაგროვებ“, – განაცხადა მერაბ ბაზაძემ.

ინფორმაციისთვის, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა. მისი ემოციური რეაქცია მსაჯების მიმართ მთელმა მსოფლიომ ნახა და მას გულშემატკივრობდნენ.

 

მსგავსი თემები