,,არ მინდა ასე მეგონოს, მაგრამ ცხადია, ეს ჩემ ანტიპუტინისტურ საქმიანობას უკავშირდება” – რუსი აქტივისტი

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სამ წელზე მეტია ცხოვრობს და ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დახმარებას, ასევე მისი ორგანიზაცია ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს.

,,უკვე სამ წელზე მეტია რაც საქართველოში ვცხოვრობ, აქ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ჩამოვედი, რადგან ჩემ ქვეყანაში ნავალნის გუნდთან ერთად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებდი და მდევნიდნენ. თავიდან დარჩენის გეგმა არ მქონია, თუმცა იმდენად მომეწონა ამ შესანიშნავ ქვეყანაში, ამ ხალხთან ცხოვრება, რომ გეგმები შევიცვალე.

ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვაპროტესტებდი ჩემი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ბევრჯერ ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან და რითიც შემიძლია საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ხალხს ვეხმარები, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩემმა ქვეყანამ ჩაიდინა საქართველოში.

პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თბილისში არაერთი აქცია გავმართე, ჩემი ორგანიზაცია ეხმარება აქ მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს, დაახლოებით 18 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება შევძელით. გმირი არ ვარ, მაგრამ ეს ჩემი ვალია საქართველოს წინაშე იმის გამო რა უბედურებას პუტინმა მოუტანა საქართველოს და უკრაინას”, – განაცხადა აქტივისტმა.

მისი თქმით, საქართველოში სომხეთიდან ბრუნდებოდა, საზღვარზე რამდენიმე საათით შეაყოვნეს, შემდეგ უარი უთხრეს, მიზეზად ,,სხვა მიზეზები” დაასახელეს.

,,არ მინდა ასე მეგონოს, მაგრამ ცხადია, რომ ეს ჩემ ანტიპუტინისტურ საქმიანობას უკავშირდება, არასდროს დამიმალავს არც ჩემი ვინაობა და არც ის თუ რას ვაკეთებ ქვეყანაში. მიყვარს საქართველო, მანდ ჩემი ოჯახი და მეგობრებია და ახლა ქვეყნის გარეთ დამტოვეს”, – ამბობს ის.

მსგავსი თემები