საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ EURO 2024-ზე ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings-ი, Wizz Air-ი, Hi Sky და Georgian Wings-ი. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ. გარდა ამისა, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ.

გარდა ამისა, მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე გამოცხადდეს. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

მსგავსი თემები