ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი შინაური ცხოველების ქცევის საკითხებში ჯენა კიდი ეწვია

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი შინაური ცხოველების ქცევის საკითხებში ჯენა კიდი ეწვია.

ექსპერტი საქართველოში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალური მოწვევითა და ორგანიზაცია – მეიჰიუ საქართველოს ჩართულობით იმყოფება. მისი ვიზიტი 4 დღეს გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ის სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებს.

შეხვედრის პირველ დღეს ბრიტანელმა ექსპერტმა თავშესაფარი დაათვალიერა, მიმდინარე პროცესებს გაეცნო და თანამშრომლების მუშაობის პროცესს დააკვირდა, რომლის საფუძველზეც, ის მდგომარეობას შეაფასებს და როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტული მიმართულებებით, რეკომენდაციებს გასცემს.

გარდა ამისა, ჯენა კიდი სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა მისამართზე გადაადგილდება და რეაგირების ღონისძისძიებებს აკვირდება. აღნიშნული აქტივობების მიზანს ცხოველების დაჭერის ტექნიკისა და ზოგადად, სპეციალისტების საქმიანობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი, სპეციალურ ტრენინგებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც, კინოლოგებსა და სპეციალისტ მაშველებს ძაღლების ქცევისა და მათთან მოპყრობის ტექნიკებთან დაკავშირებით, თანამედროვე მიდგომებს გაუზიარებს. ასევე, ძაღლის სხეულის ენისა და ემოციური სიგნალების შესახებ ინტერაქციულ პრეზენტაციას ჩაატარებს.

DOG TRUST არის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ასობით პროექტს ახორციელებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გიორგი კობიაშვილის თქმით, ასეთი დონის ექსპერტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში შინაური ცხოველების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

,,ჯენა კიდი ამ ტაპზე ჩვენს სამუშაო პროცესებს ეცნობა და ამის საფუძველზე, გასცემს რეკომენდაციებს. ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს როგორც თავშესაფრის კინოლოგებს, ასევე, სპეციალისტ მაშველებს.

ხოლო, მომდევნო ეტაპზე, ის უკვე სპეციალური პროგრამითა და აღჭურვილობით ჩამოვა.

ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, მაქსიმალურად ავამაღლოთ ცხოველების კეთილდღეობის ხარისხი და დავიცვათ ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხოება”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

მსგავსი თემები