,,ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” – პაპუაშვილი ბერძენიშვილის თავდასხმაზე

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ დაუგმია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი. ბერძენიშვილს, ცოტა ხნის წინ, სახლთან თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.

ბერძენიშვილი, მისი მეგობრები და ოპოზიცია მომხდარს აკავშირებს თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან, სადაც საუბარი რამდენიმე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეზე იყო.

პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი.

პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა. მისი მტკიცებით, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ტერორის, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორები არიან.

,,სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულები არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია “სირცხვილია”, ჯემნიუსი, თქვენ კოლეგებს რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ჯემნიუსის ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას.

უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები