ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა – ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაუდებელ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

,,პაპუაშვილის განცხადება იყო წამახალისებელი, უბრალოდ პაპუაშვილმა შეიძლება არც იცოდა, რომ იგეგმებოდა, შეიძლება იცოდა, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ისეთივე პაიკია ამ თამაშში, როგორც ბევრი სხვა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, საიდანაც 1 საათში ხდება ასეთი ფაქტი, ეს შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკის ნაწილად. თვითონ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ გექცევით ასე”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, გამოძიებას კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, რადგან ეს იყო ჯგუფური თავდასხმა და არა უბრალოდ ძალადობა, რომლითაც შსს-მ საქმე აღძრა. გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დღეს დილით, საკუთარ სახლთან დაესხნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეები მას მანქანით ელოდებოდნენ. სანომრე ნიშნის დაფიქსირება ბერძენიშვილმა მოახერხა. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე არავის დაუკავებია.

ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.

მსგავსი თემები