,,ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები ლოგიკურია” – ლევან დავითაშვილი

„ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განზრახ პანიკის გამოწვევის მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება.

„ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის ჩარევას არ ექნებოდა აზრი, ეს იქნებოდა არაპროდუქტიული, თუ ჩვენ გვექნებოდა ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები მომხმარებლის ქცევაზე აისახება.

აქედან გამომდინარე, სწორია, რომ ჩვენ საზოგადოებასთან მკაფიო კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის ეროვნულ ბანკსაც და ამას ეფექტიანად ახერხებს. მათ შორის, თავისი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი თანმიმდევრული იყოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც ჩვენ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ, სტატისტიკას და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებელი, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება.

აქედან გამომდინარე, როცა ამას შორის სხვაობაა, ეს ყოველთვის იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ მცდელობა იყო, განზრახ პანიკის გამოწვევის, ძალიან უპასუხისმგებლო, სამწუხარო. იმიტომ, რომ პოლიტიკას თავისი მორალის ზღვრები აქვს. ამის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება. უბრალოდ, არ მინდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიდეს და მათი ინტერესები დაზიანდეს, ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე, ეს უბრალოდ არ არის სასიამოვნო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები