ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა

როგორც France-Presse იუწყება, ჩინელმა სამხედროებმა რობოძაღლი წარადგინეს, რომელიც ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი 15-დღიანი სამხედრო წვრთნის ნაწილი იყო, რომელიც ცენტრალურ კამბოჯაში წარიმართა.

წვრთნების დროს ვიხილეთ თუ როგორ გამოიყვანეს სამხედრო რობოძაღლები, მაგრამ უშუალოდ იარაღის გამოყენების დემონსტრირება არ მოხდა.

ეს ერთგვარი დისტოპიური მომავალია, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სამხედრო კონფლიქტების მომავალი. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ავტონომიური შეიარაღება არაეთიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს და ამ მიმართულებით ინვესტიციები სულ უფრო იზრდება. იდეის მომხრეების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება სამართალდამცავების სტრუქტურებშიც შეიძლება და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქმე ოთხფეხა სამხედრო რობოძაღლებთან გვაქვს. გასულ წელს, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ-ს არმია დისტანციურად მართვადი რობოძაღლების შეიარაღებაში გამოყენებას განიხილავს.

აშშ-ში დაფუძნებულმა სამხედრო კონტრაქტორმა Ghost Robotics-მა უკვე წარადგინა ტექნოლოგია, რომელსაც შორ მანძილზე სროლა შეუძლია.

რაც შეეხება Boston Dynamics-ის პოპულარულ Spot Mini რობოძაღლს, კომპანია ამტკიცებს, რომ მის ტექნოლოგიაზე იარაღის მიმაგრება მიუღებელია და მათ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მსგავსი თემები