„მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა“- ვილი სანიოლი

„გაორებული გრძნობა დამრჩა – შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ“- განაცხადა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

მწვრთნელი ამბობს, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა მათი თამაშის გაანალიზების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

„კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში. ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს“- განაცხადა სანიოლმა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი არ ჰქონდა.

„მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ”- განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

 

მსგავსი თემები