უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

24 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

სკოლის ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის საბავშვო, საყმაწვილო, სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომლები ზურაბ კობახიძე და გიგა შელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გულნაზ აშორტია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები აფხაზეთის თემატიკაზე.

ამასთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო – საპატიო სიგელი, ხოლო წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელებით. სიგელები ჯემალ გამახარიამ და თემურ მჟავიამ გადასცეს.

ღონისძიების დასასრულს ჯემალ გამახარიამ სკოლის დირექციას და ღონისძიების მონაწილეებს ლამაზი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

აქცია უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ქველმოქმედების ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი თემები