საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ, დალურჯებულ-დასიებული მაქვს ნახევარი სხეული – აქციის დაშლისას დაშავებულ აქტივისტი

16 აპრილის ღამეს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევისას დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს იდაყვის ძვლის ოპერაცია გაუკეთეს, მას ფეხზეც ჰქონდა ჭრილობა და დაბეჟილობა.

დოლიძე წერს, რომ ნახევარი სხეული დალურჯებული და დასიებული აქვს, აწუხებს ძლიერი ტკივილი და გამაყუჩებლები სჭირდება.

,,საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. დალურჯებულ-დასიებული მაქვს ნახევარი სხეული.

არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში ვიყავით. შიგადაშიგ რუსეთის გინება და საყვარელი სიმღერების ღიღინი ისმოდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ბევრნი ვისხედით, და ტელეფონი ჩამოვსქროლე. ძალიან მოულოდნელად გაისმა ხელჯოხების ფარებზე ბრაგუნის ხმა. წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხალხის დიდი მასა დამეჯახა, ერთმა ფეხი დამადგა და მთელი სხეულით ძირს დავეცი მუხლებზე და იდაყვზე. 10-15-მა ადამიანმა ზედ გადამირბინა. ვერ მხედავდნენ, ძირს არავინ იყურებოდა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ აი, აქ ასე ძირს დაგდებული ვკვდებოდი და ცოტა ნერვები მომეშალა. განწირული ავკივლდი, ვიღაცამ ამაყენეთ-მეთქი. ჩემით ვერ ავდექი. მართლა დამავლო ვიღაც ბიჭმა ხელი და წამომაყენა. ავდექი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ხელი მოვიტეხე და ცალი ფეხსაცმლით ჩავუყევი რუსთაველისკენ სასწრაფოს ძებნაში.

რაღაც მომენტში წამომეწივნენ სპეცრაზმელები, წინ გაქცეულ ბიჭებს აგინებდნენ. არანაირი შიში აღარ მქონდა და არ გავრბოდი, ნელა მივდიოდი. რამოდენიმე დაიჭირეს და მაგრად სცემეს. უკვე ბუნდოვნად მახსოვს საკუთარი რეაქციები.

სასწრაფოში გამახსენდა, რომ ‘სირცხვილიას’ წევრი მესამე გოგო ვარ, ვინც აქციებზე ხელი დაიშავა და სიცილი ამიტყდა :)))

არ დავნებდეთ რაა!”, – წერს დოლიძე.

მსგავსი თემები