დრო გადის, 9 ნაბიჯი რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს – ჰერჩინსკი

დრო გადის, 9 ნაბიჯი რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მომდევნო, მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია გაფართოების მომდევნო მოხსენების მომზადება და ის ან პოზიტიური იქნება, ან ნეგატიური. მისი განცხადებით, ეს მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე

,,გასული წლის სექტემბერში იყო ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. მე სცენაზე ვიდექი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად და ჩვენ ვზეიმობდით ამ ქვეყნის მიერ ფორმალურად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს უზარმაზარი მიღწევაა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას.

სტატუსთან ერთად ევროპელმა ლიდერებმა წარმოადგინეს საგზაო რუკა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეს და გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს საგზაო რუკა შედგება 9 ნაბიჯისგან. თუ შეხედავთ ამ 9 ნაბიჯს, ეს სულ ერთი გვერდია, მაგრამ ცხრავე ნაბიჯი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება ბრიუსელში, ასევე ევროკავშირის დელეგაციაც ჩამოდის ბრიუსელიდან საქართველოში. მე მოხარული ვარ, რომ გუშინ და დღეს გვქონდა 27 ქვეყნის ელჩების ვიზიტები და მუშაობა გრძელდება.

ჩემი და 27 წევრი ქვეყნის ელჩების გზავნილი არის, რომ დრო გადის. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საქართველომ პროგრესი მოახდინოს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ეს 9 ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული რაც შეიძლება მალე. ჩვენ უკვე დავიწყეთ გაფართოების მომდევნო მოხსენების მომზადება. ეს მოხსენება იქნება პოზიტიური, ან ნეგატიური და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დათქმული ცხრა ნაბიჯის გადადგმა. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ისევე ვიზეიმებთ, როგორც ვიზეიმეთ გასული წლის სექტემბერში, მაგრამ ეს მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები