გერმანიის მთავრობა სინანულს გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ კანონის კვლავ პარლამენტში დაბრუნების გამო

გერმანიის მთავრობა „გარკვეული სინანულით“ უყურებს ფაქტს, რომ საკუთრივ საქართველოში, ასევე უცხოეთში, საზოგადოების ცალსახა უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ იქნას პარლამენტში განხილული სადავო კანონპროექტი უცხოეთის გავლენის შესახებ.

ამის შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ქრისტიანე ჰოფმანმა, როცა 5 აპრილს „გერმანული ტალღის“ კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა საქართველოში „უცხოეთის აგენტების კანონის“ კვლავ განხილვის მცდელობის გარშემო.

ჰოფმანმა გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობამ შარშან პირობა დადო, რომ ამ კანონპროექტს დღის წესრიგიდან მოხსნიდა. „ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ – თქვა მან.

ანალოგიური პოზიციაგამოხატა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისმა პრესმდივანმა, სებასტიან ფიშერმა თქვა, რომ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი, მიღების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს დამოუკიდებელ პრესაზე ზეწოლის იარაღი, ხოლო პრესის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა.

ფიშერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, რის შედეგადაც საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კავშირში გაწევრიანების შანსი.

გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი გახდება.

შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. „ქართული ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

2023 წელს „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია. „ქართული ოცნება” კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი” რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ”, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის”.

მსგავსი თემები