22 ევროდეპუტატი ევროკომისიას: შეაფასეთ, თუ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

22 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას და აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.

ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და
დროულად შეაფასოს იგი.

“ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესიული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”, – წერია მათ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მათ შორის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით არის შესაძლებელი.

ევროდეპუტატები, ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ევროპული პრაქტიკა, ნაცვლად რუსულისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისა, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესიასა და საბოლოოდ, დაშლას.

“შემოთავაზებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, ასევე ცნობილი, როგორც კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არღვევს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს: ნაბიჯი მე-9, რომელიც მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და ნაბიჯი 1-ლი, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

… ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე.

კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „უცხო აგენტების“ და „სახელმწიფოს მტრების“ იარლიყს მიაკრავს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირის დაფინანსებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეასრულოს შარშანდელი დაპირება და არ აღადგინოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. ამის სანაცვლო, იმუშავოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, რომელმაც დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ რეფორმების მონიტორინგსა და მხარდაჭერაში, რამაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები