რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ პირებმა დაარღვიეს მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს.

კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში.

როგორც იტყობინებიან, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა.

“Фонтанка”-ს ინფორმაციით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს.

ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, დეპორტაციის პროცესი რუსეთში უკვე დაწყებულია და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მასობრივად, თვითმფრინავებით ასახლებენ ქვეყნიდან.

“Важные истории” იტყობინებოდა, რომ მოსკოვში, ბოლო კვირის განმავლობაში, სასამართლოში, თითქმის 1500 მიგრანტის საქმე შევიდა. მათაც კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან.

მსგავსი თემები