ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა -ოჯახი მედპერსონალს ადანაშაულებს

ექიმების დაუდევრობა, თუ უბედური შემთხვევა – ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 31 წლის მარეხი ნაკაიძის ოჯახის წევრები მედიკოსებს სამედიცინო პროცედურების არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილი ქალის მეუღლე, მურად დავითაძე ამბობს , რომ მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც საკეისრო კვეთის შემდეგ ნარკოზიდან გამოვიდა, ამიტომ ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ქმარი დარწმუნებულია, რომ ცოლი ექიმების არაპროფესიონალიზმს შეეწირა.

დაახლოებით, 5-ის 15 წუთზე გაუკეთდა საკეისრო კვეთა. შემდეგ ბავშვი ვნახე, ყველაფერი კარგად იყო, მეუღლეც კარგად არის, უბრალოდ საყურადღებოაო. მეუღლეც გამოვიდა კონტაქტზე. მომწერა, რომ ყველაფერი კარგად არისო. ერთი საათის შუალედში მირეკავს მეზობელი და მეუბნება, რომ სასარაფოდ გადაურეკე, სისხლი სჭირდება. რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან, რომ ჩემს მეუღლეს სისხლი სჭირდება, ან ასეთი ოპერაცია რომ უკეთდება. ფაქტობრივად, მოკლეს რა”, – ამბობს მურად დავითაძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის წარმომადგენელი განმარტავს იმ მიზეზს, თუ რის გამო მოხდა ქალის ერთი კლინიკიდან მეორეში გადაყვანა. ექიმი “პირველებთან” ამბობს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრში ადგილები არ ჰქონდათ, რის გამოც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 31 წლის პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში დააწვინეს.

მედიკოსი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.

პაციენტი შემოვიდა ჩვენს დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე ტერმინალურ მდგომარეობაში სხვა კლინიკიდან. თავიდანვე გამოხატული იყო თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიურ დაზიანების სურათი. რეფლექსური აქტიურობა თავის ტვინს არ ჰქონდა. როგორც ჩვენ ამ~ნამნეზით გავიგეთ, სხვა კლინიკაში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ოპერაციის შემდგომი გართულებების ფონზე მოხდა შემდეგ ჩვენთან მოყვანა. ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის კლინიკამ. “BMC”-იმ მოგვთხოვა დახამრება ამ ქალის გადასარჩენად. მიზეზი იყო, რომ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ადგილი არ არისო და უადგილობის გამო გადმოიყვანეს ჩვენთან პაციენტი”, – ამბობს ექიმი.

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა – ირკვევა, რომ ახალგაზრდა კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის ქალს საკეისრო კვეთა სხვა კლინიკაში ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა, თუმცა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე კლინიკიდან უკვე გამოითხოვა დოკუმენტაცია და საქმეში რეგულირების სააგენტოც ჩაერთო.

 

მსგავსი თემები