ყველა ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევა ათეულობით ცვლილების სახით, მოქმედ კონსტიტუციასთან იქნება აბსოლუტურ შესაბამისობაში და არც ერთი არ შეეწინააღმდეგება – მამუკა მდინარაძე

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს, ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში ალბათ, მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს, ზოგან – ტერმინთან დაკავშირებით, ზოგან შესაძლოა, ძალიან ტექნიკური იყოს, მაგრამ რამდენიმე ათეულ კანონში დაგვჭირდება ჩვენ ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ამას პრინციპების დონეზე თავი მოვუყარეთ, საკანონმდებლო ინიციატივით შემოვედით, კონსტიტუციური კანონის ინიციატივით, რათა მკაფიოდ განისაზღვროს და ყველამ იცოდეს, რა პრინციპებს მივყვებით. თუმცა, მოქმედ კონსტიტუციასთან ყველა ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევა, ამ ათეულობით ცვლილების სახით, იქნება აბსოლუტურ შესაბამისობაში და არც ერთი არ შეეწინააღმდეგება. ძალიან მალე დავაინფიცირებთ ყველა დეტალს და წელსვე ყველას მივიღებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური კანონი, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი, შემადგენელი ნაწილია, გაცილებით მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესით არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს, არც ერთ შემთხვევაში მისი უფლებები არ უნდა დაირღვეს.

 

მსგავსი თემები