ხვალ საქართველოს ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ, 5 მარტს, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მსგავსი თემები