აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში) მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი.

,,სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა, აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა.

ცნობისთვის, რეგისტრაციის გარეშე უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მსგავსი თემები