შემოედინება დაფინანსება პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა მომავალი არჩევნების მნიშვნელობასა და რუსეთის გავლენაზე.

ჟურნალისტის კითხვას, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს “ამხელა გავლენა” საქართველოზე, ზურაბიშვილი პასუხობს:

,,რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში პრორუსულ ჯგუფებზე და პარტიებზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ:

,,შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები