შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აპრილსაა ჩანიშნული.

დამნაშავე 9 თებერვალს დააკავეს. სასამართლოზე მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ 6 თებერვალს ღამით მოქალაქეს დაეჯახა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.

,,სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, არც სადმე წავსულვარ. მაგას ვიტყვი კიდევ, რომ თვალთახედვის არე, მხედველობა მაქვს -2″, – თქვა ბრალდებულმა სხდომაზე.

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

მსგავსი თემები