„არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი“ – ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7 პირის აღმკვეთი ღონისძიების განხილვა დაიწყება. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს. ის არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი, არ იცნობს სხვა დაკავებულ პირებს. შესაძლოა, საქმეში გამოყენებული იყოს მისი პირადი მონაცემები ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია. გარდა ამისა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს, მისი შემხებლობა ამ საქმეში ნამდვილად არ არის,” – განაცხადა ადვოკატმა.

კიდევ ერთი ადვოკატი, დავით ბარბაქაძე ამბობდ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შემხებლობა არ აქვთ დანაშაულთან.

„როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ყველა დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება თაღლითობის მესამე და მეოთხე ნაწილი, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. მე ვიცავ ქალბატონ ელზა დვალს და ნონა ფარეხელაშვილს. ქალბატონი ელზა საქართველოში იმყოფებოდა ტურისტულად, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ კომპანიებთან, ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნონას, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ოფის-მენეჯერისთანამდებობაზე. არცერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

მსგავსი თემები