ჩიქობავა და ხასაია პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა.

,,ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას, და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. ჩვენი მხრიდან უფრო არის აქტიური კომუნიკაცია მათ შორის აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო პროცესები. ამ გარემოების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ”, – თქვა ადვოკატმა, გური იმნაძემ.

ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

წარდგენილ ბრალდებას დაკავებულები ნაწილობრივ აღიარებენ, ისინი სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა უარყოფენ ქმედების ჯგუფურად ჩადენილს ნაწილს.

მსგავსი თემები