„ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცეს – ანდრეი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მათ ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის, ანდრეი იუსოვის განცხადებით,  უკრაინის დაზვერვამ ამის შესახებ ილ-76-ის ავარიის შემდეგ შეიტყო.

იუსოვის თქმით, სამხედროებმა რუს მაშველებს არ მისცეს კატასტროფის ადგილის დათვალიერების უფლება, ინციდენტის შემდეგ ადგილობრივ მორგში კი მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს.

„ბორტზე ნამდვილად უნდა ყოფილიყვნენ რამდენიმე VIP ოფიციალური პირი აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან. მათი გვარები ცნობილია და დასახელებული იქნება, მასალები წარდგენილი იქნება საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. თუმცა, ბოლო მომენტში „ფეესბემ“ ფაქტობრივად უბრძანა მათ, არ ასულიყვნენ ამ ბორტზე და გამოეყენებინათ ტრანსპორტის სხვა საშუალებები. ეს ინფორმაცია გაირკვა უკვე მომხდარის შემდეგ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ფაქტობრივად გააძევა „ფეესბემ“ და სამხედროებმა და მათ არ მისცეს პროტოკოლის მიხედვით ადგილის დათვალიერებისა და კატასტროფის ლოკალიზების საშუალება“, – განაცხადა იუსოვმა.

მსგავსი თემები