,,კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”- მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება.

„სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. ​კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე თქმით, კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა.

„ჩვენ, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მსგავსი თემები