,,ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი დირექტორი ციხეში გარდაიცვალა

შპს ,,ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, 11 სექტემბერს ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ გამოცემას ფაქტი ადვოკატმა დაუდასტურა.

ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, ხელზე გადასცა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ.

მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიქელაძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს მხოლოდ მიქელაძე იხდიდა, ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

მსგავსი თემები