„ამ ეტაპისთვის, ცალკეული პატარ-პატარა ხარვეზებია აღმოჩენილი, თუმცა, შემოწმების ჯგუფი კვლავაც ადგილზეა და მათ მარეგულირებელი კომისიისთვის შუალედური ანგარიში ჯერ არ წარმოუდგენიათ“ – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მედიასთან.
როგორც დავით ნარმანია ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით განმარტავს, ვინც თვლის, რომ კომუნალური არასწორად დაერიცხათ, კომისიის დასკვნამდე გადასახადის გადახდა გადაუვადდებათ.
„ჩვენი დავალების საფუძველზე, შემოწმების ჯგუფი შეისწავლის და სწავლობს როგორც მრიცხველების წაკითხვის მდგომარეობას, ასევე, აღებული მაჩვენებლების ბაზაში ასახვას, დარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვითრების დაგზავნას და ჩვენს მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობას. როცა შუალედური შედეგები ექნებათ, წარმოდგენენ ამ ანაგრიშს და 3 მარტისთვის, ეს არის ბოლო ვადა, როცა ჯგუფმა უნდა წარმოგვიდგინოს სრული ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს ზედმეტად აქვს დარიცხული გადასახადი ან არასწორად, მათ ეს რა თქმა უნდა, დაუკორექტირდებათ და მომდევნო პერიოდის გადასახდელების ანგარიშში დაუჯდებათ, ამდენად აბონენტები არაფერს დაკარგავენ. იმ შემთხვევაში თუ აღმოვაჩენთ, რომ მასიურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, კომპანიები დაჯარიმდებიან“ – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.