,,ერთი წუთით რომ ყოფილიყავით შოვში, შეგეხედათ, ვინ როგორ მუშაობდა, საკუთარ თავს ასეთი პათეტიკის უფლებას არ მისცემდით”- პაპუაშვილი ბოკუჩავას

ხმაური მოყვა ბიუროს სხდომაზე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობას. ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ  საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე განხილვის გამართვას ითხოვა.

„ვენ მოვითხოვთ საკითხის განხილვას, საჯარო დისკუსიას, ღია დისკუსიას, დებატებს, მათ შორის ყველა კითხვის დასმას. ნუ მოვახდენთ კენჭისყრის ფორსირებას, რომელსაც თქვენ პროცედურული ომისთვის გამოიყენებთ“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია,  გამოიტანს თუ არა განსახილველად საკითხს ხვალინდელ პლენარუს სხდომაზე.

,,როგორც იცით, 22 სექტემბერს არის ინტერპელაციის დღე, შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა კითხვას უპასუხებს. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დალოდებოდით ინტერპელაციას, იქნებ, იღებთ ყველა საკითხზე პასუხს და შემდეგ გამოიტანეთ საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. საკითხი დღის წესრიგში შეტანილია და თქვენ გადაწყვიტეთ, გამოიტანთ თუ არა ხვალინდელ სხდომაზე. ქალბატონო თინა, ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ერთი წუთი მაინც რომ შეგეხედათ, რა ხდებოდა, ვინ როგორ მუშაობდა, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით. ამის ფონზე ეს პათეტიკა არათუ პოლიტიკურად, ადამიანურად არის ძალიან მძიმე. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ, ეს არის მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თინა ბოკუჩავამ განმარტა, რატომ  არ იმყოფებოდა სტიქიის ზონაში: „მე რომ მეუბნებით, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას, ეს არის სირცხვილი. არ ვიტყვი, კიდევ რა მიზეზით არ შემეძლო იმ კონკრეტულ მომენტში იქ ყოფნა. თქვენ ამით იმართლებთ თავს, რომ კომისია არ შექმნათ“.

რაზეც შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მეც მყავს მცირეწლოვანი შვილი, მერე რა? თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ. რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე – არა. სირცხვილია საერთოდ. თქვენ ხვალ რაც უნდა ჩაგეტარებინათ, ის უკვე ჩაატარეთ დღეს, ამიტომ ალბათ კმაყოფილი ხართ“.

მსგავსი თემები