,,ოპოზიცია, ხელმოცარულები, რომლებიც ამ ქმედებას გაამართლებენ, არიან გონჩარენკოები”- ზარქუა ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

,,ოპოზიცია, ხელმოცარულები, რომლებიც ამ ქმედებას გაამართლებენ, არიან გონჩარენკოები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ და დღესაც მოუწოდებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მეორე ფრონტი გაიხსნას“,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

ირაკლი ზარქუა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დემარშად აფასებს.

„გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ, ჩემთვის დემარშია. დროებითი ღონისძიებაა თუ არა, ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით და ჩვენი წარმომადგენლობა, რომელიც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით და არცერთი დღით, არცერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისა, რომლებიც გაიხიზნენ და ნაწილი დღემდე არ არის ჩასული და დახურულია საელჩოები. ჩვენ დღემდე არცერთი წამით არ შეგვიწყვეტია მუშაობა და გვერდით ვედექით უკრაინელ ხალხს. თავად უკრაინელების სტატისტიკით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შედის სამეულში და ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავეა. ამ პატარა ქვეყანამ ეს შევძელით.

მესამე – ჩვენ ვართ ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მივიღეთ უკრაინელები, გავხსენით სკოლები, ბაღები, უფასო ტრანსპორტია, მათ შორის დღემდე ქირას ვუხდით და არცერთი ცენტი არ მიგვიღია დახმარების სახით. ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით, ამ პატარა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის გვერდით დადგა და დღემდე ვდგავართ. სანაცვლოდ რა მივიღეთ? თურმე ჩვენი საელჩო უნდა დაიხუროს და ელჩი გამოძევებული იქნას. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ქვეყანა ომშია ჩართული, უბრალოდ ვიტყვი, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა და ამას საქართველო არ იმსახურებს,”- განაცხადა ზარქუამ.

ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს, რომ  დატოვოს ქვეყანა და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს

მსგავსი თემები