,,როდესაც ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს, შეუძლებელია პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც იქითა მხრიდან ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს და ასე შემდეგ, პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს, შეუძლებელია,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში არ ირსებობდეს პოლარიზაცია.

„უხეშ რიტორიკას რაც შეეხება, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. როცა მეორე მხრიდან, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შეუძლებელია, ამ ყველაფერს პასუხი არ გასცე. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია პრობლემის მოგვარება. სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს პოლარიზაცია, ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის არა მარტო ობიექტური ინტერესი, არამედ ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, სიმშვიდე ხელისუფლების სუბიექტურ ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ნათელია, ვის აწყობს პოლარიზაცია. რასაც ეძახიან პოლარიზაციას, სინამდვილეში არის რადიკალიზმი. პოლარიზაცია არის ტერმინი, რომელიც უბრალოდ პასუხისმგებლობას ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, პრობლემა არის რადიკალიზმი. ოპოზიცია როცა გეძახის რუსს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შენ იძულებული ხარ, უპასუხო. სამწუხაროდ, ასე გრძელდება. ეს პროცესი არის ჩაკეტილი წრე. არ ვიცი, როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველა შემთხვევაში, ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები